ახალი ამბები
დარჩელში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ჩამოშლილი მიწის მასა ფართოვდება (ფოტო)
სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში ადგილობრივები მიწის ჩამოშლის გამო არსებულ საფრთხეზე საუბრობენ და შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც რადიო „ათინათს“ სოფლის მაცხოვრებელმა ანი ეხვაიამ უთხრა, მიწა უმეტესად მისი საცხოვრებელი სახლის წინ არის ჩამოშლილი, რამაც, ასევე, ჭაბურღილი დააზიანა. შედეგად, ორ ოჯახს და ლოკოკინების ფერმას წყალი არ მიეწოდება. ეხვაია ამბობს, რომ პრობლემა, წლებია არსებობს და მერიას არაერთხელ მიმართეს.
"ჩვენ თვითონ დავალაგეთ ქვები, რომ მანქანებმა შეამჩნიონ და რამე ინციდენტი არ მოხდეს. ივნისში, სტიქიის დროს პირველად ჩამოიშალა მიწა და დაზიანებული ნაკვეტი ფართოვდება. მდინარის ადიდების დროს ხეები მოგლიჯა. აქვეა სახნავ-სათესი სავარგულებიც, საძოვრებიც და საფრთხეშია როგორც, მაგალითად, ბავშვები, ასევე, საქონელიც", - თქვა ეხვაიამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან და სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საპროექტო სამუშაოებისთვის 57 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შპს "ეკოსთან" დაიდო, 15 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.


Print