რეგიონი
მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", - დაწერა პრეზიდენტმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში დღეს ჩავიდა და აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი იუწყება.





Print