ახალი ამბები
ანტიკორუფციულმა სააგენტომ და პროკურატურამ ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესები უნდა შეისწავლოს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს მოკვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატისვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესების შესახებ. დღეს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავენ.


„ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და დეპუტატის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს. მისი ნათესავები დასაქმებულები არიან საჯარო უწყებებში, ასევე, მას ხარვეზებით აქვს დეკლარაცია შევსებული“,
- აღნიშნა თოდუამ.



“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს. ასევე, ისინი მიმართავენ საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, მმართველი პარტიიდან გავიდა მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ასევე, მან ტელეკომპანია “პოსტვ”-ის 52 %-იანი წილი შეისყიდა.






Print