ახალი ამბები
ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმიდან ორი წელი გავიდა - ბადრი ესებუას ისევ ეძებენ
დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

დანაშაულში ბრალდებული ბადრი ესებუაა, რომელსაც შს სამინისტრო ამ დრომდე ეძებს.

სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში პოლიციამ მისი ძმა, ბიძინა ესებუა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების და ძებნილი ძმის დახმარების ბრალდებით დააკავა და სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით პოლიციამ მასზე „ძმის გამო იძია შური“.

ამავე თემაზე:

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა - ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი უცნობია










Print