რეგიონი
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 7 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაძალადევის რაიონში, ი.გ.-ის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული ლ.ც. თიანეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ.ბ.-ს, იგი ამავე ბრალდებით დააკავეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. "გეკო".

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print