ახალი ამბები
სამეგრელოში, თბილისსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს. ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, რომ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი, მათ შორის უკრაინისა და რუსეთი მოქალაქეები.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთეს და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: "ჰეროინი", "კოკაინი", "ალფა პვპ", "კეტამინი" და "სუბუტექსი", - განაცხადა კუპატაძემ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print