ახალი ამბები
რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხელშეკრულებას კი მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის არეგულირებს რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს, წერს "ეხო კავკაზა".

შეთანხმების განხორციელების მიზანია, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საუბარი არაა ვალდებულებებზე, რომლებიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებს ეხება.

ხელშეკრულება "აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედების და დახმარების საკითხებზე" მომუშავე უფლებამოსილ ორგანოებსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, იგი ასევე განსაზღვრავს "რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, აგრეთვე - საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას, დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის".

აგვისტოს ბოლოს, "რუსეთის ელჩმა აფხაზეთში" მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ "ბიჭვინთის" საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია". ამასთან ერთად, მან ხაზი გაუსვა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება "აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება".

ნეომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი გაუწევს რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას, მას შემდეგ, რაც მარატ ხუსნულინს შეუწყდა "უფლებამოსილება".




Print