ახალი ამბები
მოსკოვი სოხუმს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის 22 მილიარდ რუბლს გამოუყოფს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა დოკუმენტი 2022 – 2025 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ. შესაბამის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის აგვისტოში მოეწერა, ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 22 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯება. აქედან 15,4 მილიარდი გამოიყოფა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან, დანარჩენი 6,7 მილიარდი კი სარეზერვო ფონდიდან, წერს "ეხო კავკაზა".

ამავე ცნობით, თანხების ძირითადი ნაწილი "აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებას, სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების ამაღლებას და ეკონომიკის ძირითადი დარგების: სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გადამამუშავებელი და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდება".

აგვისტოს ბოლოს, "რუსეთის ელჩმა აფხაზეთში" მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ "ბიჭვინთის" საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია". ამასთან ერთად, მან ხაზი გაუსვა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება "აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება".

ნეომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი გაუწევს რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას, მას შემდეგ, რაც მარატ ხუსნულინს შეუწყდა "უფლებამოსილება".



Print