ახალი ამბები
ანა წითლიძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ექიმი
ექიმმა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მედიკოსების რეკომენდაციაა, მან შიმშილობა შეწყვიტოს.

"პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, კანი ჰიპერემიული, თვალები შეშუპებულია, ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს უკვე დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. უკვე ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა", - თქვა ექიმმა.

მოშიმშილე დეპუტატი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც მოინახულა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდონ.

"(ანა წითლიძე) უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობა შეუქცევადად დაიზიანოს... სასამართლოსთვის ულტიმატუმის წაყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც საკითხების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს", - უთხრა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს სათანადო პირობები ჰქონდეს.

"სახელმწიფო თავისთავად ყველა მსჯავრდებულ პირზეა პასუხისმგებელი, რომ სათანადო პირობები ჰქონდეს და მიეწოდებოდეს სათანადო სამედიცინო სერვისი. სახელმწიფო ზუსტად ამას აკეთებს".

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ანა წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს. 

Print