ახალი ამბები
სოხუმში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მინისტრთა კაბინეტმა" მიიღო დადგენილება "დროებით შეზღუდული საჰაერო სივრცის ზონების შექმნის შესახებ". გადაწყვეტილება "სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვის მიზნით" მიიღეს. დოკუმენტს ხელი ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა, წერს "ეხო კავკაზა".

კერძოდ, საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები განთავსდება:


"ადმინისტრაციული კომპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე".

მაგალითად აკრძალული ზონა წესდება "რუსეთის საელჩოს", "რუსეთის ელჩის რეზიდენციის", "სახელმწიფო აგარაკების "ახალი ათონის", "მიუსერის", "ლიდზავას" თავზე.

რეზოლუცია კრძალავს ამ ადგილებში საჰაერო სივრცის გამოყენებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს. გამონაკლისებს შორისაა "ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ასევე აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე.

სოხუმში გასული წლის დეკემბერში განაცხადეს, რომ რუსული მხარის დახმარებით ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავენ.

მანამდე აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომლის კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

იურიდიულად, Basic Element - ის კომპანიების აქტივების უმრავლესობა გარკვეულწილად ეკუთვნის Element Ltd - ს (რეგისტრირებულია კუნძულ ჯერსიზე). თავის მხრივ, ის 100% - ით ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ A-Finance-ს, რომლის ბენეფიციარიც არის დერიპასკა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დერიპასკა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.

გასული წლის მარტში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, შესაძლოა ავიაკომპანია შეიქმნას და დასძინა, რომ "სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - მასშტაბური ამოცანაა". უფრო ადრე, ის ამბობდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტირებაზე თანხა უკვე გამოიყო და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი ფრენების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს.

სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.






Print