ახალი ამბები
ანსამბლ "ჩელას" პირველი დისკი გამოიცა - პრეზენტაცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ ანსამბლ "ჩელას" პირველი დისკის პრეზენტაციას უმასპინძლა. ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩაწერილი აუდიო-დისკი 12 სიმღერას მოიცავს და მასზე ანსამბლის წევრებმა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იმუშავეს. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია დავიწყეთ ჩვენი შემოქმედებითი ანსამბლების აუდიო დისკების ჩაწერა. დღეს აღვნიშნავთ ანსამბლ "ჩელას" აუდიო დისკის პრეზენტაციას. აქ შესული მეგრული სიმღერები არის უნიკალური ნიმუში ქართული ხალხური სიმღერის და მე მინდა ჩემს ქალაქს მივულოცო. ზოგადად, ფოლკლორის მიმართულებით რაც მნიშვნელოვანი კეთდება, არის ამ ადამიანების, ძველი ფოლკლორისტების დამსახურება და მინდა მათ მადლობა ვუთხრა, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დარწმუნებული ვარ, გვექნება შესაძლებლობა კიდევ ჩავწეროთ რამდენიმე დისკი. შრომატევადია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად", - უთხრა რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა მანუჩარ სამუშიამ.მისივე თქმით, ამ ეტაპზე დისკის 150 ეგზემპლარი დამზადდა, რომელიც სასაჩუქრე ტირაჟით გამოიცა."მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ეს პირველი CV ალბომია ანსამბლ "ჩელასთვის". ეს არის მათი ნაცხოვრები გზა, მოთავსებული პატარა ალბომში. ვაპირებთ, რომ სანამ დრო და საშუალება გვექნება, მეორე და მესამე ალბომიც გამოვცეთ, გვაქვს შედგენილი გარკვეული პროგრამა, თუმცა, არამგონია, ისეთი სიხარული ჰქონდეს და განცდა მეორე და მესამეს, როგორიც ახლა გვაქვს. სულ ორი კაცია შემორჩენილი ანსამბლის პირველი თაობიდან, რომელიც "ჩელაში" დაფუძნების დღიდან მღეროდა. მათთვის ამ ჩანაწერის მოსმენა და განცდა ისეთია, რომ ვერც ავხსნი. ჩაწერისას იმდენად ვერ აღვიქვამდით ამ ყველაფერს, ახლა კი უკვე დამუნჯებამდე გახარებულები ვართ. დაიდო პატარა აგური, შეემატა უნიკალურ ჩანაწერთა ნუსხას ეს ალბომიც", - თქვა ანსამბლის ლოტბარმა ბუბა სორდიამ. პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ანსამბლის ყველა თაობის ამსახველი ფოტოარქივის დათვალიერება შეეძლოთ. ღონისძიებაზე "ჩელასთან" ერთად სიმღერები ანსამბლმა "ოდოიამაც" შეასრულა. ანსამბლი "ჩელა" 1968 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა.
Print