ახალი ამბები
სოხუმი მზადაა თურქეთში მაშველთა ჯგუფი გაგზავნოს - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, სოხუმი მზადაა თურქეთში გაგზავნოს როგორც ჰუმანიტარული დახმარება, ასევე მაშველთა ჯგუფი. ამის შესახებ მან თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ უკვე მიმართა თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი ოფიციალური წინადადებით, წერს "აფსნიპრესი".

"ვერ დავრჩებით თურქეთსა და სირიაში ჩვენი ძმების და დების ტრაგედიის მიმართ გულგრილები", - დასძინა მან და აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზად არის შეიმუშაოს მიწისძვრისგან დაზარალებული თანამემამულეების აფხაზეთში მიღების ვარიანტები".

მისი თქმით, "სირიაში საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთმა მიიღო მრავალი კავკასიელი ემიგრანტი, რომელიც დღესაც რესპუბლიკაში ცხოვრობს", - თქვა შამბამ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა.


Print