ახალი ამბები
ბადრი ესებუა ჩემს სახლში ჩუმად შემოსულა და მალევე დაიჭირეს - ომიანე ჯიქია
ომიანე ჯიქია, იმ სახლის პატრონი, საიდანაც სამართალდამცავებმა ბადრი ესებუა აიყვანეს, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ის ესებუას ამ ხნის განმავლობაში საკუთარ სახლში მალავდა. ის ამბობს, რომ მის სახლში ბადრი ესებუა ფარულად შევიდა და სწორედ მას შემდეგ გაიგო მისი იქ ყოფნის შესახებ, რაც სამართალდამცავებმა ის აიყვანეს.

"ბადრი ესებუა არ მინახავს. შესულა ჩემს სახლში და დამჯდარა სკამზე "ზალაში". მერე ვიღაცამ ნახა ეტყობა და უცებ დაიჭირეს და წაიყვანეს. მე არც დავლაპარაკებივარ. ჩვენ ვიწექით - ჩემი ცოლი და ჩემი ბავშვი. არაფერი არ უკითხავს მას ჩვენთვის. დამკითხა პოლიციამ... და როცა დაგკითხავთ, დაგირეკავთო", - ამბობს ჯიქია.

ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გუშინ გამთენიისას დაკავეს, ზუგდიდის სამხარეო პოლიციიდან კი ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც მხოლოდ ერთი დღე გაატარა. დღეს მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ პატიმარი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს. ბათუმის ციხეში ბადრი ესებუას ადვოკატთან ერთად შეხვდება გამომძიებელიც და ახალ ბრალს წარუდგენს. ცნობილი ხდება, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ესებუასგან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print