ახალი ამბები
ავტობუსების სკამებს ძირითადად არასრულწლოვნები აზიანებენ - ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტობუსებში სკამების დაზიანების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან მათივე ცნობით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ სავარძლებს, მეტწილად, არასრულწლოვნები აზიანებენ. როგორც რადიო "ათინათს" მუნიციპალური ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა გიორგი სალიამ უთხრა, ხშირია მარკერებით წარწერების დატოვების შემთხვევებიც.

"არის მექანიკური დაზიანებები, მაგ. შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილების, სავარძლების დაზიანების ფაქტები, მარკერებით ტოვებენ წარწერებს. შესაკეთებლად გვიწევს ავტობუსის რეისიდან ჩახსნა. კონტროლიორებიც მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ, აძლევენ შენიშვნას, თუმცა, ბევრი ფაქტი დაგროვდა უკვე. იძულებული გავხდებით მივმართოთ შსს-ს, დავიბაროთ მშობლები და ა.შ. ჩვენი მოწოდება ისაა, რომ გავუფრთხილდეთ საერთო ქონებას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ ვმოძრაობთ ამ ავტობუსებით, ჩვენი შვილები, მშობლები", - გვითხრა მან. 

მისი განმარტებით, დაზიანებული ავტობუსის მოწესრიგება/რეაბილიტაცია მარშრუტის გაცდენას იწვევს, რის გამოც მოსაცდელებზე მომლოდინე მოქალაქეებს დისკომფორტი ექმნებათ.
Print