ახალი ამბები
გარკვეულ სოფლებში ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდა
თოვლის და გზის მოყინული საფარის გამო ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ავტობუსების გადაადგილება შეფერხდა. საუბარია ე.წ მაღალი ზონის სოფლებზე, მათ შორისა ჭკადუაში, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი, ურთა, აბასთუმანი და სხვა. 

მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის მოძრაობა თითქმის ყველა მიმართულებით აღდგა. 

"რიყესა და ნარაზენში ვერ გავიდა ამ დრომდე ავტობუსები, თუმცა, ორივე მიმართულებით შევამოწმეთ გზა და მალევე გავა ტრანსპორტი. სხვა სოფლებში კი უკვე გაშვებულია ავტობუსები და აღდგა მოძრაობა", - გვითხრა მუნიციპალური ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა გიორგი სალიამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ მიმართულებებზე ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +995 577 01 22 22, ან დაუკავშირდნენ ოპერატორს Facebook მესინჯერით.

მერიის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ.
Print