ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიამ ზუგდიდელ სტუდენტს დიპლომატთა საერთაშორისო კონფერენციაზე გასამგზავრებელი თანხის ნაწილი დაუფინანსა
თიკო ლაგვილავას, რომელიც Associazione Diplomatici-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს, გასამგზავრებელი თანხის ნაწილი "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაურიცხა. სტუდენტმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო.

"სრული შოკი მქონდა. "წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის" დამფუძნებელმა სალომე ფაცაციამ დამირეკა და მითხრა, ვერც კი წარმოიდგენ ვინ ჩაგირიცხა თანხა, ემოციისგან ვერც კი ვსაუბრობ ნორმალურად. არ მეგონა მართლა, რომ შეგროვდებოდა ამხელა თანხა, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა შემდეგ წერილებმა, გამოხმაურებამ ძალიან გამამხნევა. არ მეგონა რომ ამდენი ადამიანი გაერთიანდებოდა ჩემი წარმატებისთვის", - უთხრა "ათინათს" თიკო ლაგვილავამ.

ის პირველი ქალია, რომელიც აღნიშნულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია წელიწადში 4-ჯერ ატარებს გაეროს მოდელირებას სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის რომში, სინგაპურში, დუბაისა და ნიუ იორკში. ამასთან, თიკო Change the World აკადემიის მონაწილეც გახდება.

"ჩემი აპლიკაცია რამდენიმე თვის წინ გავაგზავნე, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა, რომ შემარჩევდნენ. მოვხვდი სინგაპურში დაგეგმილ მოდელირებაზე, რომლის ერთ-ერთი მენტორი იქნება ბილ კლინტონი და სხვა პოლიტიკურად აქტიური დიპლომატები. მონაწილეობისთვის საჭირო თანხის ნაწილს ორგანიზატორები ფარავენ, მე კი, დაახლოებით, 1 500-მდე ევრო უნდა შემეგროვებინა. ამასთან, იყო აკადემიაში ჩარიცხვის თანხაც, რომელიც კეთილმა ადამიანმა უკვე გადაიხადა, თუმცა არ სურს ვინაობის გამხელა. ნაწილი რიგითმა მოქალაქეებმა ჩარიცხეს და დღეს როგორც იცით, ხვიჩამ", - გვითხრა სტუდენტმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის მერია მას გასამგზავრებელი ბილეთების თანხას გამოუყოფს.

თიკო ლაგვილავა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და სრული დაფინანსებით სწავლობს.
Print