ახალი ამბები
"ზუგდიდი მოლში" უკრაინული ქალაქის დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით უკრაინული ქალაქის, პოკროვსკის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიებას "ზუგდიდი მოლი" უმასპინძლებს.

"გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ გავაპროტესტოთ ბოროტების იმპერიის მიერ წამოწყებული ომი და კიდევ ერთხელ დავგმოთ რუსული აგრესია, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობა მივიღოთ დანაკარგების და ზიანის შემცირებაში, რაც ამ ომმა მოიტანა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ, სადღაც, ასეულობით კილომეტრს იქით, გვყავს დამეგობრებული ქალაქი, რომლის მოსახლეობასაც ახლა, ამ სუსხიან ზამთარში არ მიეწოდება ელექტროენერგია, აქვს საკვებისა და პირველადი საჭიროებების ნივთების დეფიციტი. სწორედ ამ მიზნით გავერთიანდით ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის, როგორ მდგომარეობაში იქნება მეგობარი ქალაქი. წამოწყებული 40 დღიანი კამპანიის ფარგლებში ეს გამოფენა-გაყიდვა ერთ-ერთი აქტივობაა...გამოფენაზე მრავალფეროვანი ნივთების ყიდვა შეგიძლიათ, საკვებიდან დაწყებული, წვრილმანი ტექნიკით დასრულებული. იმედი გვაქვს, კიდევ ერთხელ შევძლებთ ხალხის შემოკრებას უკრაინის დასახმარებლად და დავამტკიცებთ, რომ მეგობრები გასაჭირში არასდროს ტოვებენ ერთმანეთს", - უთხრა რადიო "ათინათს" ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ცაბუნია ვართაგავამ.

მისივე თქმით, გამოფენა-გაყიდვისთვის მოქალაქეებს ნებისმიერი სახის ნივთის გაღება შეუძლია. გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება პოკროვსკის დასახმარებელ ფონდში. 

"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ დაფუძნდა. სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით მისი წევრები თანხის მობილიზებას ცდილობენ, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება.
Print