ახალი ამბები
დნრ/ლნრ - ის "მოქალაქეებს" აფხაზეთში "უვიზოდ" შეუშვებენ - სოხუმი
დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "მოქალაქეებს" ფსოუზე ე.წ. საზღვრის კვეთა აფხაზეთში შესავლელად უვიზოდ შეეძლებათ, ისევე , როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური" ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის მოქალაქეებს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მხოლოდ "ვიზის აღების შემდეგ შეუძლიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე" შესვლა.

მანამდე აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ბელორუსის მოქალაქეებს, რომლებიც "აფხაზეთს ტურისტული ან საქმიანი მიზნებით სტუმრობენ, უვიზო რეჟიმი 14-დან 30 დღემდე გაუხანგრძლივდათ".

2022 წლის მარტში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

2022 წლის 26 თებერვალს ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.





Print