ახალი ამბები
დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები დატოვებენ აქაურობას, დავრჩებით დახმარებების გარეშე - ენმ-ის ფრაქცია
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით უცხოური გრანტებით დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის, კულტურის განვითარების სტრატეგიაზე, მეთხილე-ფერმერებისთვის მიწოდებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის საფრთხეებზე ისაუბრეს. 

"თავს ვალდებულად ვთვლით, მოსახლეობას, ამომრჩევლებს ავუხსნათ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ზარალს მიიღებს თითოეული მოქალაქე და მთლიანობაში სახელმწიფო. ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტი - ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია და 300 000 ევრო გრანტის სახით გამოეყო მუნიციპალიტეტს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისა და ქალაქის შემდგომი განვითარებისათვის. აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები არიან, როგორც ადგილობრივი მთავრობა, ასევე სახელოვნებო, მუსიკის, გამოყენებითი ხელოვნების, არქიტექტურის, ხელოვნების, საშემსრულებლო და ადგილობრივი მრეწველობის, ფოლკლორის და ტრადიციული გასტრონომიის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და კერძო პირები.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, USAID-ის, ამერიკის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელშიც ჩართულია 35 ათასი მცირე და საშუალო დონის ფერმერი, თითო ჰექტარზე, თითოეულ ფერმერზე გაიცა, 500 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გათვალისწინებულია თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად. აგრეთვე, ეს დონორი ორგანიზაცია ეწევა ფერმერებში საგანმანათლებლო საქმიანობას ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და ა.შ. საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზციების მიერ.

ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 6 ინფრასტრუქტურული პროექტი - ჭითაწყარის, რუხის, შამგონისა და დარჩელის საბავშვო ბაღების, ქალაქ ზუგდიდის სპორტული კომპლექსისა და ზუგდიდის მთავარი ბიბლიოთეკის მშენებლობა მეორე სკოლის გვერდით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პარტნიორული ორგანიზაციებია (NDI), ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი. მათ მიერ ინიცირებულ პროექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობენ საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები.

ე.წ. "უცხოური აგენტების კანონი", შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოური აგენტის" სტატუსს ანიჭებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, რომელიც მხოლოდ რუსეთში მოქმედებს, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას. რა მოხდება, თუკი არ გავაპროტესტებთ და ივანიშვილი შეძლებს, ჩვენი ინდიფერენტულობით მიიღოს ეს კანონი. ზემოთ ჩამოთვლილი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები დატოვებენ აქაურობას, დავრჩებით დახმარებების გარეშე და ივანიშვილი შეგვატოვებს ჩამორჩენილ რუსეთს. კანონი ყველაზე ნეგატიურად იმოქმედებს ახალგაზრდებსა და მედიაზე. ახალგაზრდები გამოეთიშებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელს, ავტომატურად ჩაიხშობა განსხვავებული სიტყვა. თუ ვერ შევძელით გაერთიანება და წინააღმდეგობის გაწევა, ყველას ერთად დაგვიდგება ის ფინალი, სადაც ჩვენი ადგილი არ იქნება, თუ აქაურობას ცოცხლებმა გავასწარით, ერთმანეთს შევხვდებით მექსიკის საზღვარზე", - განაცხადა ფრაქციის სახელით ენმ-ის დეპუტატმა მაია კალანდიამ.

მოძრაობა "ხალხის ძალამ" პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ის საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტში სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. 


ამავე თემაზე: 

უცხოური გავლენის აგენტები - ზუგდიდელი აქტივისტის პროტესი მერიის კედელზე

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
Print