ახალი ამბები
ამ კანონის მთავარი მიზანი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
დღეს ხელისუფლება მთელი ძალისხმევით უნდა მუშაობდეს ევროპული მომავლისთვის მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე და ამით განამტკიცებდეს ქართველი ერის ურყევ ნებას საქართველოს ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო არ დარჩეს პირისპირ მარტო მტერთან - ოკუპანტ რუსეთთან, - ამის შესახებ განცხადება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ გაავრცელა. მისივე თქმით, კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას უკარგავს, აშორებს სტრატეგიულ პარტნიორებს და თავისი არსით ემსახურება რუსულ ინტერესებს.

"ეს კანონი არ ემსახურება "გამჭვირვალობას", ამ კანონის მთავარი მიზანია ხელისუფლებისთვის ბერკეტის შექმნა თავისი შეხედულებისამებრ აკონტროლოს სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში ამ კანონის მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა.

ეს კანონი საფრთხეს უქმნის"

1. ჯანდაცვის სფეროს განვითარების დაფინანსებას.

2. განათლების სფეროს განვითარების დაფინანსებას.

3. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებას.

4. სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებას.

5. კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებას.

6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

7. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

8. სიტყვის თავისუფლებას.

9. საქართველოს ევროპულ მომავალს.

10. უმთავრესს - სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

ამ კანონის განხილვით ხელისუფლება ებრძვის დასავლეთს და არა ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის გავლენებს. ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენი პარტიის - პარტია "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონის პროექტის "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ" განხილვაზე", - ვკითხულობთ გიგა ფარულავას განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. დარბაზიდან გაძევებულია ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. 

ამასთან, პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები.


ამავე თემაზე: 

სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
Print