ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიაზე ხმაური მოყვა დეპუტატებს შორის "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ "ხალხის ძალის" წარმომადგენელს, ბეჟან შანავას და ზუგდიდის მერის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას კითხვით მიმართა და კანონპროექტთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება თხოვა. მაია კალანდიამ მმართველი პარტიისა და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს USAID-ისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები შეახსენა და აღნიშნა, რომ კანონის მიღებით, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სერვისის მიმღები პირები ზარალდებიან.

"ეს არის ძალიან პატარა მონაკვეთი იმ დაფინანსებიდან, რომელიც აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს იყო ამერიკელი ხალხის დაფინანსება - სამი მიკროავტობუსი შშმ პირთათვის. 507 ათას ლარიანი დაფინანსება. კითხვა გვქონდა ე.წ "ხალხის ძალის", სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებთან, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის ამერიკული კანონის გადამღერება. ჩაუგდებენ მესიჯბოქსს და იმეორებენ", - უთხრა კალანდიამ ჟურნალისტებს.

ოპოზიციის რეპლიკებს კამათი მოჰყვა. დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.  

"განხილვისას ქალბატონმა მაიამ წამოჭრა კანონპროექტის საკითხი, ამას მოყვა ჩემი პასუხი, რომ ეს არაა რუსული კანონი და ამერიკულის ანალოგია. სამოქალაქო სექტორის აზრი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მათ გამჭვირვალობა არ უნდათ, ამ კანონის ფუნქციონირება არ უნდათ, სად მიდის მათი თანხები, როგორ იხარჯება, ვისთან მიდის. არავინ არ ამბობს გრანტებზე უარს. თუ ვენეციის კომისია მიიღებს, მერე ამოქმედდება ეს კანონი", - თქვა სხდომის დასასრულს ბეჟან შანავამ. 

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საკანონმდებლო ორგანოში დღეს დილიდან განიხილავენ. პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპორტესტო აქცია მიმდინარეობდა.


ამავე თემაზე: 

ანა წითლიძე იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ამ კანონის მთავარი მიზანი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას

Print