ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთმა გამოგვაგდო, მინდა თქვენი ხმა გავიგო -  ზუგდიდში "ხალხის ძალის" წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე მიმართეს
თქვენ ასეთი გაძლიერებული რომ ხართ, არის ამერიკული და ევროპული ფონდების დამსახურება. მე მინდა თქვენი ხმა გავიგო, როგორც აფხაზეთიდან დევნილის, ქალის ხმა - ასე მიმართა ორგანიზაცია "ნეოგენის" ხელმძღვანელმა ცირა კაკუბავამ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ირუზა კაკავას, რომელიც ჯერ "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო, მოგვიანებით კი "ხალხის ძალაში" გადავიდა. 

"მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, თქვენ სწორედ ევროპული პროექტების მხარდაჭერით მობრძანდით საკრებულოში. ჩვენ, მე და თქვენ აფხაზეთიდან ვართ. ჩვენ რუსეთმა გამოგვაგდო, წაგვართვა სახლი, მეზობლები, მეგობრები, ყველაფერი დავკარგეთ", - აღნიშნა ცირა კაკუბავამ.

მან როგორც ირუზა კაკავას, ისე საკრებულოს სხვა წევრებსაც "უცხოური გავლენის აგენტებთის" კანონპროექტთან" დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"მე ძალიან ბევრი თქვენგანის ოჯახის წევრთან ერთად მიმუშავია. ყველას გთხოვთ, რომ ამოიღოთ ხმა და უთხრათ ხელისუფლებას, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი კანონი, რომელიც მიგვაქანებს უკან რუსეთისკენ. ჩვენი გზა და ჩვენი შვილების მომავალი მხოლოდ ევროპაშია. ჩვენ გვინდა წავიდეთ განვითარებისკენ და არავის აქვს უფლება ჩვენი თავისუფალი ხმა ჩაახშოს", - თქვა "ნეოგენის" დამფუძნებელმა.

მანამდე, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიმართვა გააჟღერეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს და მოუწოდეს ხმა აიმაღლონ ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.
Print