ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში კაფე ვერ მოაწყეს - შენობა ისევ აუქციონზეა
ა(ა)იპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის" ადმინისტრაციის შენობის ნაწილის იჯარით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. პირობა უცვლელია და გამარჯვებულმა ფართი კაფეტერიისა და ღია ბარის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. გასულ წელს მსგავს აუქციონში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გაიმარჯვა, თუმცა, როგორც რადიო "ათინათს" ბოტანიკურის ადმინისტრაციაში განუმარტეს, მან პირობა ვერ შეასრულა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყვიტეს. 

"ვერ შეძლო კაფეტერიის მოწყობა, გაუუქმდა ხელშეკრულება თებერვლის თვეში, რადგან ვერ დააკმაყოფილა პირობები. მივეცით საშეღავათო პერიოდიც. ხელახალი პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდა ახალი აუქციონი. დაეკისრა ჯარიმა ვადაგადაცილებულ დღეებზე", - გვითხრა ააიპ-ის დირექტორმა შალვა აგუმავამ.

მისივე ინფორმაციით, აუქციონის საწყისი ღირებულება შესაბამისმა აუდიტმა განსაზღვრა და ის 43 200 ლარს შეადგენს. გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს.
Print