ახალი ამბები
გულწრფელ მადლობას ვუხდით ზუგდიდელებს - უკრაინული ქალაქის ადმინისტრაციამ გენერატორები მიიღო
ზუგდიდთან დამეგობრებულ და ომით დაზარალებულ უკრაინულ ქალაქს საქართველოდან გაგზავნილი 5 გენერატორი გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოკროვსკის ადმინისტრაცია ავრცელებს და ზუგდიდელებს წერილით მიმართავს. 

"პოკროვსკში ალტერნატიული ენერგიის 5 წყარო მივიღეთ ზუგდიდის მზრუნველი მაცხოვრებლებისგან, რომლებიც აგროვებდნენ თანხებს გენერატორების შესაძენად და ჩვენს ქალაქში მოსატანად. ამანათში ასევე იყო დროშა იმ ადამიანების ხელმოწერებით, რომლებიც შეუერთდნენ თანხის შეგროვებას. დროშასთან ერთად მივიღეთ ქართულ ენაზე გამოცემული ჟურნალი "ებგურიც". ეს ნომერი უკრაინას ეძღვნება. მისმა რედაქტორმა პოეზიის საღამო მოაწყო და ჟურნალის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გადასცა პოკროვსკისთვის გენერატორების შესაძენად. დროშასა და ჟურნალს პოკროვსკის ისტორიულ მუზეუმში შევინახავთ.

ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ ზუგდიდელების და ყველა ადამიანის, რომელიც შეუერთდა ამ აქციას! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!", - ვკითხულობთ პოკროვსკის ადმინისტრაციის წერილში.

ზუგდიდში დაფუძნებულმა "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა" გენერატორების შესაძენად თანხების მობილიზება თებერვლიდან დაიწყო. საქველმოქმედო კამპანია რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავდა, მათ შორის გამოფენა-გაყიდვებსპოეზიის საღამოს, აუქციონსა და სხვადასხვა აქტივობას. 




Print