ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წელი მიუსაჯეს
მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ე.ც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის საპყრობილეში 12 წელს გაატარებს. ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, რომელსაც წაყენებული ბრალდების მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ.

დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ მოკლული მოზარდის, საბა მამფორიას ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ საქმის გამომძიებლებს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, ისინი სწორედ სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯას ითხოვდნენ. 

გასული წლის ნოემბერში მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 1 პირი, ე. ც დააკავა, რომლის მიმართაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. ე.ც-მ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ მოზარდს ორჯერ ჩაარტყა დანა გულ- მკერდის არეში.
Print