ახალი ამბები
გალში "ლას ვეგასის" მსგავსი სათამაშო ზონის შექმნის ინიციატივას განიხილავენ - მედია
ბოლო დროს სოხუმში სულ უფრო ხშირად განიხილავენ "გალის რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას". ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ცოტა ხნის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხაშბა გალში იყო ჩასული, რა დროსაც განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ "რაიონის ტურისტულ მარშრუტებში ჩასმაზე" და აღნიშნა, რომ "გლემპინიგის ტიპის ობიექტების მშენებლობაც განიხილება".

"ეხო კავკაზა" წერს, რომ გასულ კვირაში ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია შავის ზღვის სანაპიროზე, დაბა პრიმორსკში (მეორე გუდავა) ტურისტებისთვის სათამაშო ბიზნესის ზონის ორგანიზების ინიციატივით გამოვიდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზონა "მხოლოდ რესპუბლიკის სტუმრებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის".

ფილიამ დასძინა, რომ არის დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მზად არის ჩადოს ინვესტიცია ასეთი ბიზნესის გასახსნელად, გზაც გაიყვანოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოაწყოს.

გამოცემის თანახმად, ფილიას ინიციტივას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში, ძირითადად, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა მომხმარებელმა კი 2006 წელს მიღებული "კანონიც" გაიხსენა, კაზინოების და ტოტალიზტორების აკრძალვის შესახებ, რომელსაც ხელი იმდროინდელმა "პრეზიდენტმა" სერგეი ბაღაფშმა მოაწერა.

მიუხედავად ამისა, ფილია გეგმავს, რომ გალში სათამაშო ზონის შესახებ განცხადება "ოფიციალურად" შეიტანოს და დაელოდოს, "რა რეაქცია ექნება ამაზე რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და საზოგადოებას".


Print