ახალი ამბები
"ათინათმა" სამეგრელოში ტურიზმის კლასტერის ჩამოყალიბებაზე გამართულ პრეზენტაციას უმასპინძლა (ფოტო/ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)" ფარგლებში სამეგრელოში დაფუძნებული ტურიზმის კლასტერის პრეზენტაცია გაიმართა."ათინათის" გამგეობის თავმჯდომარის, რუსუდან ყალიჩავას განმარტებით, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ტურიზმის კლასტერი აერთიანებს სექტორში მომუშავე ოპერატორებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლებს, ტურისტული სერვისის მიმწოდებლებსა და ეთნოგრაფიული კულტურის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს."ათინათი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღეს შეიქმნა ტურიზმის კლასტერი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი არის დასაქმება და შესაბამისად, რეგიონის და ქვეყნის გაძლიერება. ტურისტულ კლასტერში გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა გამოცდილების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ასევე, ის აწევრიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებს, ორგანიზაციებს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კლასტერი თავის მიზანს შეასრულებს, მისი მიზანი კი არის, ზუგდიდის უფრო მიმზიდველ ქალაქად, უფრო მიმზიდველ ტურისტულ ობიექტად ქცევა", - აღნიშნა რუსუდან ყალიჩავამ.ღონისძიებაზე პროექტის მიღწევების შესახებ "SECTORs"-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.ამასთან შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ქეთევან ხუციშვილმა მიმართა. "კლასტერში გაერთიანება, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს საქმიანობის განვითარების საშუალებას აძლევს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ, კავშირების გაბმა და მათი გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის განვითარება. მე მგონი დავას არ იწვევს ის, რომ ეს კავშირი იქნება ძლიერი, მოქმედი პირების მონაწილეობით. ის რაც, როგორც ბიზნესის, ისე კერძო პირების ჩართულობით შეიძლება განხორციელდეს, არის ძალიან სასარგებლო. თემატურად კლასტერი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განვითარდეს. ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ზუგდიდში, კლასტერი, მათ შორის, მოიცავს საქმიანობას ტურიზმის გარშემო, იმის გათვალისწინებით, თუ რა პოტენციალი აქვს ტურიზმის თვალსაზრისით ზუგდიდს კონკრეტულად და მთლიანად სამეგრელოს. რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება ისიც, რომ სწორედ ასეთი ძლიერი კავშირები შედგეს, ერთის მხრივ, ზუგდიდის და მთლიანად სამეგრელოს პოტენციალის წარმოჩენისთვის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანების და ბიზნესების ადგილზე განვითარების, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებისთვის და ეკონომიკის წინ წაწევისთვის რეგიონში", - უთხრა რადიო "ათინათს" ევროკავშირის დელეგატმა ქეთევან ხუციშვილმა.შეხვედრას ადგილობრივ მეწარმეებთან და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით.პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებისთვის. აღნიშნული რეგიონებია გურია, აჭარა და სამეგრელო.
Print