ახალი ამბები
ამერიკის ელჩი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ტექნოლოგიის და ინოვაციის სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იღებენ მონაწილეობას. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა USAID-ის და GITA-ს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

"USAID-ი ტექნოლოგიის და ინოვაციის სააგენტოს ერთად იწყებს ახალ პარტნიორობას ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით მათთვის ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნა, უნარები და განახორციელონ თავისი იდეები და ინოვაციები, ზუგდიდის ტექნოპარკის ბაზაზე. მათ ადგილზე ექნებათ ამის შესაძლებლობა.

USAID უკვე წლებია მუშაობს ახალგაზრდებთან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ერთობლივი თანამშრომლობა USAID და ტექნოპარკთან ერთად დავიწყეთ,"- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა.

ზუგდიდის ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა მეწამრეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

GITA-ს რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 15 მაისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.
Print