ახალი ამბები
რუსეთიდან რეისების აკრძალვის მოთხოვნით ზუგდიდში აქციას აანონსებენ
დღეს, 20 მაისს, 14 საათზე, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" აქციას აანონსებს. ამის შესახებ, მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

"მოვითხოვთ - სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი.საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ", - წერენ ღონისიძეიების ინიციატორები დღეს გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. რუსეთ - საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ეს პირველი შესრულებული რეისია.

პარალელურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს გამოაცხადა.


Print