ახალი ამბები
GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაში ბოლო ზარი დაირეკა
საქართველოს სასწავლო ცენტრის (GLC) ზუგდიდის განყოფილების XII კლასისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეები, მშობლები და სკოლის კოლექტივი საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ის ემოციები და მოგონებები გაუზიარეს, რაც სკოლაში გატარებულ წლებთან აკავშირებთ.


„კლასის ყველა მოსწავლე წელს იღებს სკოლის წარჩინებით დამთავრების მედალს. გარდა ამისა, ისინი რეგიონში პირველები არიან, რომლებმაც აიღეს ე.წ DSD დიპლომი C1 დონით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეზი ჭეჟია, რომელსაც დიპლომის ოთხივე მოცემულობაში აქვს უმაღლესი შეფასება. ამ დიპლომით მათ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. ამისთვის  ძალიან ბევრი იშრომეს. მადლობა მოსწავლეებს და მთელს სკოლას,“- გვითხრა გერმანული ენის მასწავლებელმა თინათინ ლოლუამ.

GLC-ის კურსდამთავრებულებმა წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს და მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს.

„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ მასწავლებელს. მართლა საუკეთესო წლები გავატარე. ცოტა არ იყოს, სენტიმენტალურია ჩემი განცდები, რადგან ვიცი, აღარ მომიწევს სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება. ძალიან ბედნიერი ვარ და წარმატებებს ვუსურვებ როგორც ჩემს კლასელებს, ისე სხვა მოსწავლეებს,“- უთხრა რადიო "ათინათს" ნინი ყალიჩავამ.

რაც შეეხება ღონისძიებას, საღამო თვითმმართველობის პრეზიდენტის ნიაკო ვეკუას ორგანიზებით ჩატარდა. ის თამაშებს, სიტყვით გამოსვლას და სხვადასხვა გასართობ აქტივობას მოიცავდა. ნიაკო გვეუბნება, რომ მისთვის დიდი სიამოვნებაა ღონისძიებით კმაყოფილი ადამიანების სახეებზე ღიმილის ნახვა, რადგან მას ამაში წვლილი მიუძღვის. მან მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და მადლობა გადაუხადა ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს გვერდში დგომისთვის.

სკოლის ადმინისტრაცია და თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ულოცავს უკვე ყოფილ XII კლასელებს სკოლის დამთავრებას და წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ საფეხურზე.

Print