ახალი ამბები
სოხუმში აქციები გაგრძელდება - ბჟანია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ
სოხუმში "ოპოზიციური" ძალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ "აფხაზთა სახალხო მოძრაობის" თავმჯდომარემ ადგურ არძინბამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დანიშნულმა "სახალხო მიტინგმა", 9 -პუნქტიანი რეზოლუციით მიმართა აფხაზ ლიდერს. მომიტინგეებმა ასლან ბჟანიასგან "პრემიერ-მინისტრის", ალექსანდრ ანქვაბის გადაყენება, ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების შეჩერება, სასტუმროებისა და ე.წ. აპარტ-ოტელებისთვის მიწების გაყიდვაზე უარის თქმა და ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების არდაშვება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ასლან ბჟანიას მიტინგზე მისვლას და სიტყვით გამოსვლასაც სთხოვდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბჟანიამ თავის კაბინეტში უმასპინძლა "სახალხო მიტინგის" სამ წარმომადგენელს. სწორედ მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მიტინგზე მიღებული რეზოლუციის არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებს. პასუხად "სახალხო მიტინგის" ორგანიზატორებმა ასლან ბჟანიას გადადგომაც მოითხოვეს და რეზოლუციის პირობების შესასრულებლად საპროტესტო აქციების მთელი სერია დააანონსეს.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ამასთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანიამ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისინი რეფორმების საბჭოს მუშაობაში მიიწვია. "შექმნილია რეფორმის საბჭო, განვიხილავთ საკითხებს, ვიღებთ წერილებს და ვუგზავნით "აფხაზთა სახალხო მოძრაობას" და სხვა ორგანიზაციებს. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა რეფორმებზე. თუ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას, მადლობელი ვიქნები თქვენი", - თქვა ბჟანიამ.

"სახალხო აქცია" სოხუმში 30 მაისს დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე გაიმართა. სოხუმის "სამთავრობო შენობების" კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. ადგილზე ე.წ. უსაფრთხოების ძალების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. 

"კანონს აპარტამენტების ლეგალიზაციის შესახებ" აფხაზური საზოგადოება რამდენიმე თვეა აკრიტიკებს. აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია კი დაჟინებით მოითხოვს მის მიღებას.


ამავე თემაზე:

სოხუმის დრამატული თეატრის წინ "ანტისამთავრობო" აქცია მიმდინარეობს


Print