რეგიონი
ზუგდიდში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აქციას აანონსებენ
ზუგდიდელი აქტივისტები, დღეს, 3 ივნისს, 14 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქციას აანონსებენ. შესაბამისი პოსტი, ცოტა ხნის წინ, ერთ - ერთმა მათგანმა, მარიამ სიჭინავამ გამოქვეყნა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ გზით ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ მათ.

„30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე ართმევენ ბანერებს. 2 ივნისს საღამოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათამდე აქტივისტი დააკავეს. ზოგი ცარიელი ბანერების გამო, ზოგი - ,,წეროების" თამაშის დროს. ასევე, პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. ... ჩვენ ვიკრიბებით სიტყვის თავისუფლების დასაცავად ... აუცილებლად ცარიელი ბანერებით“, - წერს სიჭინავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ერთ- ერთი დაკავებულის, ადვოკატ შალვა თუთბერიძის გათავისუფლების შესახებ. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია უხეში ფორმით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2-3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება მოითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ერთობლივ განცხადების ავტორთა ინფორმაციით, ერთ - ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.



Print