ახალი ამბები
მარტვილის კანიონზე 3D განათების სისტემა მოეწყობა, ბალდაში კი ეკოტურისტული ბილიკები - დაცული ტერიტორიების სააგენტო
მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემა მოეწყობა, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული ლოკაციები ღამის საათებშიც დაათვალიერონ. ამის შესახებ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბალდას კანიონზე ეკოტურისტულ ბილიკების მშენებლობა იწყება.

„წელს ჩვენ ვახორციელებთ 34 მილიონიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც 1200 კმ-მდე ბილიკი მოწესრიგდება დაცულ ტერიტორიებზე. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, როგორც არის კოტეჯები, საფეხმავლო ბილიკები, გადასახედი ადგილები, საპიკნიკეები და ა. შ... მეორეს მხრივ, იმ დაცულ ტერიტორიებზე, რომელსაც ერთდღიანი ვიზიტით ეწვევიან, ეს არის პრომეთეს მღვიმე, მარტვილს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი და ასე შემდეგ, გვექნება გარკვეული სიახლეები. წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ. უკვე საღამოს საათებშიც შეეძლებათ ვიზიტორებს, რომ იხილონ, როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი... ასევე, ბალდის კანიონზე წელს პირველად ვიწყებთ ეკოტურისტულ ბილიკების მშენებლობას და ვცდილობთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს ვიზიტორებს“,- განაცხადა ხახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიების მოკვლევა, დაახლოებით, 70 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე.

Print