ახალი ამბები
სოჭიდან სოხუმში საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი" ივლის
ივნისიდან სოჭი - სოხუმის მიმართულებით რუსული საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი" ივლის. ამის შესახებ "აფსნიპრესი" წერს. ამავე ცნობით, ლაინერი აფხაზეთში 29 ივნისს ჩავა, სადაც სამი დღე გაჩერდება. სულ, ზაფხულის პერიოდში, 11 რეისია დაგეგმილი.

მანამდე ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი ქალაქის ნავსადგურში 2020 წლის მაისშიც უნდა შესულიყო, თუმცა მისი სოხუმში შესვლა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საცდელი რეისი სოხუმის ნავსადგურში რუსულმა საკრუიზო ლაინერმა, მგზავრების გარეშე, 2019 წლის დეკემბერში შეასრულა, რისთვისაც პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდა.

ამავე ცნობით, შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა და კომპანია "შავი ზღვის კრუიზებმა" 2018 წელს მიაღწიეს.

გამოცემის თანახმად, "კნიაზ ვლადიმირი" არის რუსული კომპანია "შავი ზღვის კრუიზების" ცხრა გემბანიანი საკრუიზო გემი, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტირებას მარშრუტზე: სოჭი - ნოვოროსიისკი - იალტა - სევასტოპოლი - სოჭი.

2017 წლიდან გემი ოპერირებს რუსეთის დროშის ქვეშ.


Print