ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სკოლებში პირველკლასელთა ლიმიტი შეივსო
ზუგდიდის 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი ოთხ საჯარო სკოლაში სრულად შეივსო. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, მესამე ეტაპის რეგისტრაციის დაწყებიდან, დაახლობით, 5-10 წუთში სრულად შეივსო ქალაქის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლების ლიმიტები.

„დილის 9 საათზე რომ დაიწყო რეგისტრაცია გუშინ, რამდენიმე წუთში უკვე ადგილები აღარ იყო. პირველ, მეორე და მეოთხე სკოლებში ოთხ-ოთხი პარალელური კლასია, შესაბამისად, 100-100 პირველკლასელი, მესამე სკოლაში კი - 75 ბავშვი დაარეგისტრირეს. სხვა სკოლებში არის ადგილები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბულიამ.

2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია, 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ზუგდიდის სკოლებში პირველკლასელთათვის სულ 1653 ადგილია.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომელთაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ.

Print