ახალი ამბები
ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი ისევ მეოთხე სკოლაში განთავსდება
ზუგდიდში წელს, წინა წლების მსგავსად, ერთი საგამოცდო ცენტრი იქნება და ის კვლავ მეოთხე სკოლაში განთავსდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა მალე დაიწყება. ცენტრი ასევე იქნება ფოთში.

„საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, და აგრეთვე, კალმებს. მალე გამოქვეყნდება საგამოცდო განრიგი, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრებში.

საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სულ მალე დაასრულებს გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და ანალიზს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრების (ღია კარის დღეები) გამართვას, როგორც პირისპირ (უკვე ჩატარდა 17 ქალაქში), ასევე ონლაინ რეჟიმში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა“, - ვკითხულობთ naec.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print