ახალი ამბები
პერინჩეკი არძინბას არწმუნებს, რომ "ერთობლივი ძალისხმევით თურქეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას მიაღწევენ"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში იმყოფება. ე.წ. საგარეო უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, ინალ არძინბა სატმბოლში პარტია "სამშობლოს" ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა.

ამავე ცნობით, პერინჩეკმა მხარი დაუჭირა "თურქეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას".

"ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ", - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა "ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას". ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას".

ოკუპირებული რეგიონის "საგარეო უწყების" ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე "რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას".

ამავე შეხვედრაზე არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში არის "ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ".

27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა.


Print