ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომელიც აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
"ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან", – განაცხადა გორგოძემ.
მისივე თქმით, წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები.
"წელს, აღარ მოქმედებს არც ერთი კოვიდრეგულაცია, მათ შორის, დამატებითი სესიების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი, აბიტურიენტი თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ საგამოცდო სექტორში მოვა, მისთვის სარეზერვო სექტორი იქნება მზად და ყველა წესის დაცვით, მას ცალკე სექტორში დავსვამთ და იქ შეასრულებს ტესტს".
საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენა-ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება. მათემატიკაში გამოცდა 7 ივლისს, სხვადასხვა უცხო ენაში კი - 10, 11 და 12 ივლისს გაიმართება. აბიტურიენტებისთვის გამოცდები 26 ივლისს დასრულდება. სამეგრელოში გამოცდების ორი ცენტრი ზუგდიდის მეოთხე სკოლასა და ფოთში განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები