ახალი ამბები
გალის რაიონის სკოლების ყველა კურსდამთავრებულზე აფხაზური პასპორტები უნდა გაიცემოდეს, - ფილია
გალის რაიონის მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 40% - ით შემცირდა, ამის შესახებ "საზოგადოებრივი პალატის" წევრმა " და "აფხაზეთის ხალხთა კონგრესის" თავმჯდომარემ დავით ფილიამ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, მან "გალის რაიონის მცხოვრებთა სამართლებრივი სტატუსზე ისაუბრა და "ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის აუცილებლობის" საკითხი დააყენა. ფილია ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "გალის რაიონის საკითხებზე კომისიის" შექმნის წინადადებით გამოვიდა.

ფილიას თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე "სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიებზე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა", დღეს კი, მისი თქმით, "რაიონში 55 000-მდე ადამიანი რჩება". მისივე მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გალის რაიონი 30 წლამდე 15,5 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა.

"განსაკუთრებით ახალგაზრდები მიდიან, წელს რაიონის სკოლები 230-მა მოსწავლემ დაამთავრა, მეეჭვება, რომ ერთეულები მაინც დარჩნენ ჩვენთან, რადგან მეზობელ ქვეყანას სპეციალური პროგრამა აქვს, დღეს რუსული ენა მოთხოვნადი ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოც და ჩვენი ბავშვები სამურზაყანოდან რუსულად კარგად საობრობენ", - ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და შეშფოთებას იწვევს, რადგან მომავალში გალმა შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს.

"... კოდორის ხეობაში არავინაა. ვინ განაგებს მომავალში ამ ტერიტორიას, ვინ იცხოვრებს და იმუშავებს, საიდან მივიღებთ იმ მოსახლეობას, რომელიც ჩაანაცვლებს წასულებს", - განაცხადა "სამოქალაქო პალატის წევრმა".

მისი თქმით, გალის რაიონს მოსახლეობა იმიტომ ტოვებს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში იქ მათთვის ძალიან მძიმე პირობები შეიქმნა.

"ბავშვი, რომელიც აქ იბადება, დაბადების მოწმობას არ იღებს, თუ მშობლებს არ აქვთ ვინაობის დამადასტურებელი საბუთები, უმეტესობას შეიძლება ჰქონდეს ქართული პასპორტი, მაგრამ ეშინიათ
ჩვენთან წარდგენის, ამიტომაც მიდიან ზუგდიდში და იქ იღებენ დაბადების მოწმობას. მე ვთვლი, რომ ეს პრაქტიკა ჩვენთვის საშინელებაა", - თქვა მან.

გარდა ამისა, ფილია მიიჩნევს, რომ გალის რაიონის სკოლების ყველა კურსდამთავრებულზე აფხაზური პასპორტები უნდა გაიცემოდეს, რის საშუალებასაც არსებული "კანონმდებლობა" არ იძლევა.

ამავე შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა კიდევ ერთი პრობლემა ისტორიული გვარების დაბრუნებაა.

"1700 - ზე მეტი ადამიანი გვყავს, რომელთაც სურთ ისტორიული გვარების აღდგენა, თარბაია თარბაზე, ზუხბაიას ზუხბზეა, ინალიშვილი ინალ-იფაზე და ა.შ. ამას ხომ მე და თქვენ ვწყვეტთ, ჩვენს მაგივრად ამას ვერავინ გადაწყვეტს", - განაცხადა ფილიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, რომელიც, გამოცემის ცნობით, "საზოგადოებრივი პალატის" ახალ შემადგენლობას შეხვდა, დაადასტურა, რომ გალის რაიონში ნამდვილად არსებობს ჩამოთვლილი პრობლემები და პირობა დადო, რომ "ეტაპობრივად, თანმიმდევრულად" შეძლებენ მათ მოგვარებას.





Print