ახალი ამბები
გალის ე.წ. ადმინისტრაცია - 28 000 ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო მიწის მხოლოდ 13 000 ჰექტარია ათვისებული
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალში არსებული 28 000 ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 13 000 ჰექტარია ათვისებული. ამის შესახებ მან ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ "ადგილობრივ აქტივთან" ჩატარებულ თათბირზე განაცხადა.

ფილიას თქმით, გალის რაიონში "სოფლის მეურნეობის სექტორი იყო და რჩება ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილად", წერს "აფსნიპრესი". 

"ამ ეტაპზე კიდევ 7000 ჰა მიწის დასუფთავება მიმდინარეობს. ერთი ჰექტარზე, საშუალოდ, 1,5 ათას კგ-მდე თხილი იკრიფება და ზოგადად რეგიონში 10 ათას ტონამდე თხილი იწარმოება. რაც შეეხება ციტრუსებს, მათ 300 ჰა - მდე ფართობი უკავიათ, ერთი ჰექტარიდან 20-დან 150 კგ - მდე მოსავალს იღებენ. კენკროვანი კულტურებისთვის გამოყოფილი 200 ჰექტარიდან 20 ჰა არის ათვისებული, ხოლო ერთ ძირზე, საშუალოდ სამიდან ხუთ კგ - მდე მოსავალს იღებენ. სიმინდი, ბახჩეული (საზამთრო, ნესვი) და ბოსტნეული კულტურები 3 ათას ჰექტარზეა გაშენებული, აქედან 2,7 ათასი ჰექტარზე სიმინდია მოყვანილი, 340 ჰექტარზე კი ბახჩეული", - განაცხადა ფილიამ.

მისივე განმარტებით, გასულ წელს "9 პროექტი დამტკიცდა, რომელზეც 7,9 მილიონი რუბლი გამოიყო". გარდა ამისა, ბოლო ორი წელია მოქმედებს "სასოფლო - სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის კომისია", რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინონ "მიწათსარგებლობის რეალური სურათი".

მისი თქმით, "მიწა იურიუდიულ საფუძველზე უმტკიცდება მოსახლეობას, რის შემდეგაც მონაცემები გადაეცემა საგადასახადო სამსახურს". შედეგად, გასულ წელს "რაიონის ბიუჯეტი მიწის გადასახადის სახით 500 ათას რუბლზე მეტით შეივსო".

ბოლო დროს სოხუმში სულ უფრო ხშირად განიხილავენ "გალის რაიონის პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას".

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, "პირი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე", ხოლო  "აფხაზეთის მოქალაქეობაზე პრეტენზიის ქონისას, მან საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".






Print