ახალი ამბები
ზუგდიდში მუყაოსა და ქაღალდის ნარჩენების ცალკე დასახარისხებლად სპეციალური კონტეინერები დაიდგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 63 სხვადასხვა ადგილას  მუყაოსა და მყარი ნარჩენების ცალკე სპეციალურ კონტეინერებში დახარისხებაა შესაძლებელი. შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ცნობით, ადგილობრივებმა შესაბამისი ნარჩენები კონტეინერებზე დატანილი ინსტრუქციის შესაბამისად უნდა მოათავსონ.

ამავე ცნობით, კონტეინერებში შეიძლება მუყაოს, ქაღალდის, კვერცხის მუყაოს ყუთის, ან ჟურნალ-გაზეთების მოთავსება.აქვე განმარტებულია, რომ სპეციალურ კონტეინერებში არ უნდა მოთავსდეს ხელსახოცი, რძის, წვენების და სხვა მსგავსი ნაწარმის შეფუთვა, მუყაოს ერთჯერადი ჭიქა, მუყაოს ერთჯერადი შეფუთვა.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საპილოტე ქალაქებში წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში მუყაოსა და ქაღალდის შესაგროვებელი ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერები განთავსდა.

შეგროვებული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ ტრანსპორტირდება სპეციალურ საწყობში, შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მათ სარეალიზაციოდ ამზადებენ.

შემდგომ, სეპარირებულ მუყაოს/ქაღალდს ხელახალი გამოყენების მიზნით, შეისყიდიან გადამამუშავებელი კომპანიები.



Print