ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები დღემდე გამოუძიებელია - გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება
საქართველოს მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები დღემდე გამოუძიებელი რჩება და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი არიან, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა

რუსეთის ფედერაციის მიერ, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ომი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა 10 აგვისტოს გააპროტესტეს გაეროს უშიშროების საბჭოს სახელმწიფოებმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, იაპონიამ, ალბანეთმა და მალტამ გააპროტესტეს. განცხადება საბჭოს სახელით ალბანეთმა გააკეთა.

განცხადება ხაზს უსვამს რუსეთის მიმდინარე აგრესიას საქართველოში, "საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის უხეში დარღვევის" გზით და გმობს მოსკოვის მხრიდან განხორციელებულ "ბორდერიზაციის" პრაქტიკას; სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადაკვეთის პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელის შეშლას, თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზნობრივ განადგურებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს იმის გამო, რომ "ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებადმცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა მონიტორინგის მექანიზმს არ აქვს წვდომა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში". აქედან გამომდინარე, გაერო აღნიშნულ ტერიტორიაზე მათი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი დაშვებისკენ მოუწოდებს.

გაეროში მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.


ამავე თემაზე: 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო



Print