ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მდებარე სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხვალ, 23 აგვისტოს აქცია გაიმართება. შეკრება სოციალურ ქსელში აქტივისტმა სანდრო ლომინაშვილმა (რომელიც საზოგადოებაში არჩიბალდ მეკეშის ფსევდონიმითაა ცნობილი, ავტ.) დაგეგმა. აქციას ადგილობრივებიც უერთდებიან.

„უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც სოციალური ქსელებიდან ადამიანები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ გამოთქვას მზადყოფნა და დაამტკიცოს სპორტკოპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი. ხვალ კი უკვე სპორტკომპლექსის შენობასთან, 6 საათზე, ჯანაშიას ქუჩაზე ვიკრიბებით ზუგდიდელები, რათა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გავაგონოთ ხალხის ხმა და მოვთხოვოთ უსწრაფესად დამტკიცდეს რეაბილიტაციის პროექტი. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე ირიცხება. 2016 - 2017 წლისთვის უკვე დასრულებულია ყველანაირი სასამართლო დავა, რადგან არსებობდნენ კერძო ფლობელები, რომლებიც დაობდნენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით შენობა რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ახლა ჯერი არის მთლიანად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე. მოვითხოვთ, დაამტკიცონ შენობის რეაბილიტაციის პროექტი. უკვე მე მივმართე რწმუნებულს, საკრებულოს თვმჯდომარესა და ზუგდიდის მერს, რომელთაც ჩემს წერილზე პასუხად უკვე მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა მათ გააცნონ, თუ რა გეგმები აქვთ ამ შენობასთან დაკავშირებით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლომინაშვილმა.

მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასევე გამოაქვეყნა ოფოციალური წერილი ამავე მოთხოვნებით ვიცე-პრემიერ, კულტურისა, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანისადმი.

აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოთახი ფუნქციონირებს, სადაც მოჭიდავეები ვარჯიშობენ.


ფოტო: არჩიბალდ მეკეში

Print