ახალი ამბები
ნიკოსეული სასახლის სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად ტენდერი ისევ გამოცხადდა
ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლეში სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ტენდერი ისევ გამოაცხადა. სააგენტო სამუშაოებისთვის 45 122 ლარს გამოყოფს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უკვე შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.


„ნიკო დადიანისეულ სასახლეზე (აშენდა XIX საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის პროექტით) სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარდაფის დონეზე ჭარბი ტენიანობა დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია რიგი პრობლემები. არსებული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით შემუშავდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც გახდა ტექნიკური დავალების შედგენის საფუძველი’, - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.


ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის ფონდმა „ქართუმ“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. განახლებული სასახლე 2019 წელს გაიხსნა, თუმცა 2021 წელს დანესტიანების გამო შენობის ნაწილზე იატაკი დაშალეს და თავიდან დააგეს.

მოგვიანებით, სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2022 წელს გამოაცხადა და 46 ათას ლარამდე გამოიყო.

რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, წინადადებები 8-დან 13 სექტემბრის ჩათვლით მიიღება, სამუშაოების ჩატარების ვადა კი ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეს მოიცავს.

Print