ახალი ამბები
ნათია ბახტაძის დედა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს
28 ივლისს მოკლული გალის მკვიდრის ნათია ბახტაძის დედა იამზე აგუმავა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, კონკრეტულად დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კიუტის, მოადგილე ტიმურ შერგელიასა და ომბუდსმენის ანას ქიშმარიას საჯაროდ მიმართავს.

მან საკუთარ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს და წერს, რომ მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან.

„ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბას ახლობლები, რადგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და თქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ცხედრის დამალვა მარტო მას არ შეეძლო - დანაშაულის დამალვაში ახლობლები ეხმარებოდნენ. მათ გადაწყვიტეს ცხედარი დაემალათ და სადმე ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაულისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ. გთხოვთ, მოიძიოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, - წერს იამზე აგუმავა.

ნათია ბახტაძის დედის პოსტს ჯერ - ჯერობით წერილის არდესატები არ გამოხმაურებიან.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა 3 აგვისტოს დაადასტურა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჩამჩირეში მცხოვრები აინარ ცვიჟბა დააკავა.

ამავე თემაზე:

გალში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს

მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა

დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი





Print