ახალი ამბები
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი
ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა.

"სათანადო პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ასევე სხვა პროექტებში ჩართვაზე პრობლემა არ ექნებათ. ზოგადად, „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივისა“ და „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინურ კომპანიების ინტერესის საგანია", - თქვა ჭოუ ციენმა.


მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორად ჩინური კომპანიის გახდომას არ გამორიცხავდა.

ცვლილებების თანახმად, 28 ივლისის ნაცვლად ანაკლიის პორტის ასაშენებლად კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოოდ ვადა 20 სექტემბერია, წინადადების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო თარიღი კი, ჯერჯერობით, უცნობია.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.




Print