ახალი ამბები
ზუგდიდში გურიის სტიქიით დაზარალებულებისთვის წყალსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებს აგროვებენ
გურიაში, 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ზუგდიდში წყალსა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ნივთებს აგროვებენ. შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში ზუგდიდელმა სალომე გუგუშვილმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გურიაში, სტიქიის ზონაში წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემაა, პირველ რიგში, სასურველია წყალი და სანთლები შეგროვდეს.

"სხვა დანარჩენი რაც გაუხარდებათ, სველი ხელსახოცები, მზა საჭმელი, პური, კვერცხი და ასეთი რამეები. მსურველებს დახმარების მოტანა სოციალურ საწარმო "მეგობარში" შეუძლიათ, ან დამირეკავენ მ ჩემს ნომერზე 591444350 და შევაგროვებ", - უთხრა რადიო "ათინათს" გუგუშვილმა.

პროდუქტებს მოხალისეები, სავარაუდოდ, გურიაში თავად ჩაიტანენ.

გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში 8 სექტემბერს მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ორი არასრულწოვანია. მიმდინარეობს ერთი დაკარგულის საძიებო სამუშაოები.  ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, წაიღო ხიდები, დაამტვრია ხეები, ჩამოშალა მიწის მასები.

ამავე თემაზე:

სამეგრელოდან გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში 25 მაშველი მუშაობს

Print