ახალი ამბები
ზუგდიდში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 მილიონი გამოიყო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ზუგდიდში საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. ამისთვის კი, ელექტრონული შესყიდვის მიხედვით, 35 მილიონია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამავე თანხაში შედის აღნიშნული სამუშაოების დეტალური პროექტირებაც. აქვე ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დავალება დოკუმენტის ხელმოწერიდან სამ წელიწადში უნდა შეასრულოს, საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულების თარიღიდან ორი წელია.

ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად, რომელ ლოკაციებზე ჩატარდება რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომელიც გამწვანებასაც მოიცავს.

ტენდერი ფონდმა საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. მასში წინადადებები 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. 

18 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც შემდგომი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

Print