ახალი ამბები
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ყოფილი თანამშრომლისთვის 17 ათასზე მეტი ლარის გადახდა დაეკისრა - ISFED
უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან გათავისუფლებული თამარ ქომეთიანის საკასაციო საჩივარი დააკმაკოფილა და მოპასუხეს ქომეთიანის სასარგებლოდ 17 320 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ინფორმაციას ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს, რომელიც მომჩივნის ინტერესებს იცავდა.

„თამარ ქომეთიანი გაათავისუფლეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რაც დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ თვითმმართველ ერთეულებში დაიწყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების ტალღა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" 80 თამანშრომლიდან ყველას, თამარ ქომეთიანის გარდა, გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამ გადაწყვეტილებას თამარ ქომეთიანი თავის პოლიტიკურ შეხდულებებს და საქმიანობას უკავშირებს. სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა", - ვკითხულობთ "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.

ამის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თამარ ქომეთიანის გათავისუფლება ბათილად ცნეს, ხოლო „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს” კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დააკისრეს. ქომეთიანი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განაცდურის ანაზღაურების საკითხზე, რის გამოც ქომეთიანმა გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ქომეთიანის გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან ერთად, უნდა ემსჯელა მოპასუხისთვის იძულებით განაცდურის დაკისრების საკითხზე, რასაც მან დაუსაბუთებლად გვერდი აუარა. უზენაესმა სასამართლომ ქომეთიანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები დააკმაყოფილა და „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს” ქომეთიანის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 100 ლარის ანაზღაურების გადახდა დააკისრა, რამაც ჯამურად 17 320 ლარი შეადგინა“ - წერია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ქომეთიანმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე მედიასთან 2022 წლის იანვარში ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან თანამშრომლის გათავისუფლება სააპელაციომ უკანონოდ ცნო

ISFED ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან გათავისუფლებული თანამშრომლის უფლებებს დაიცავს

გახარიას მხარდაჭერისთვის გამათავისუფლეს - ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი



Print