ახალი ამბები
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთში საწვავის "ექსპორტი" აკრძალა
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა საწვავის ექსპორტი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება "რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის დაწესების შესახებ".

"ეხო კავკაზას" თანახმად, 21 სექტემბერს დამტკიცებული ამ დოკუმენტის მე - 2 პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს". თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და "კ" ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ განმარტებები არ გაკეთებულა.

ამავე ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ "რთულ ვითარებაზე" ადრეც არაერთხელ განუცხადებიათ. საწვავის დეფიციტის მიზეზებს შორის სახელდებოდა "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი".

Print